ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ თუ ხელისუფლება ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას ეცდება, მას ძალის გამოყენება მოუწევს არა მარტო მელიასა და მისი თანაგუნდელების მიმართ, არამედ ოპოზიციური სპექტრის მიმართაც. ბოკერიას თქმით, ხელისუფლების მხრიდან არჩევნების მოპარვისა და 8 მარტის შეთანხმების დარღვევის შემდეგ, "კანონიერად" მოქცევის დრო წასულია.
ბოკერია მმართველი გუნდის წარმომადგენლებს, მათივე ინტერესებიდან გამომდინარე, ურჩევს, რომ არ დაიჭირონ ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია.
"ის დრო, როდესაც მე სწორად მიმაჩნდა დემოსტრატიულად კანონს დამორჩილება, მაშინაც კი, როდესაც ღიად პოლიტიკურ დევნას ქონდა ადგილი, როგორც მოიქცა თავის დროზე გიგი უგულავა და იმ დროისთვის სწორად, დღეს ამ მატარებელმა ჩაიარა. შანსები იმის, რომ შენ "კანონიერად" მოიქცე, როდესაც კანონის უზენაესობის უტიფრად დარღვევა ხდება, წასულია. მათ მოუწევთ ძალის გამოყენება არა მარტო ნიკა მელიასა და მისი პარტიული თანაგუნდელების წინააღმდეგ, არამედ მთელი პოლიტიკური სპექტრის და იმ ხალხის წინააღმდეგ, ვინც ამას აპროტესტებს", - აცხადებს ბოკერია.
ამ წუთებში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.
1-ლი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე.
მელიამ სწორედ ეს თანხა არ გადაიხადა. ვინაიდან, მისი თქმით, "როცა ქვეყანაში პროკურატურა შოთაძე-ფარცხალაძის საკუთრებაა, როცა სასამართლო მურუსიძე-ჩინჩალაძის საკუთრებაა და პარლამენტი კობახიძე-გავრილოვის სახეს წარმოადგენს და ეს ყველა ე.წ. ინსტიტუტი ბიძინა ივანიშვილის ჯიბეშია, არანაირი მორალური უფლება არ აქვს, ამ სიყალბეში მონაწილეობა მიიღოს".
საქმეს კი მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა განიხილა, რომელმაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არაერთ პოლიტიკურ საქმეზე მიიღო ხელისუფლებისთვის მისაღები გადაწყვეტილება.
2019 წლის ივლისში 20 ივნისის ღამის საქმეზე ჩახნაშვილმს არც ერთი პირი, მათ შორის არც მაკო გომური, დაზარალებულად არ ცნო და ეს გადაწყვეტილება პროცესის გამართვის გარეშე, ზეპირი მსჯელობით მიიღო.
ამავე წელს, მთავარი არხის მეწილის, გიორგი რურუას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა მოსამართლე ჩახნაშვილმა ძალაში დატოვა.
ასევე, 2020 წლის აპრილში ნინო ჩახნაშვილმა მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გაჩენილი ხანძრის გამო ბრალდებულ ბადრი ქათამაძეს ორ თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.
თელავის სასამართლოში, ერთწლიანი სამოსამართლეო გამოცდილების მიღებამდე, ჩახნაშვილი 2016-2018 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის სამდივნოს მოსამართლის თანაშემწე.